საქართველოში გეოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა პროფესორ ა. ჯანელიძის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის ბაზაზე 1925 წლის 25 დეკემბერს. იგი იყო გეოლოგიური პროფილის ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1941 წელს ინსტიტუტი შევიდა ახლად დაარსებულ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, ხოლო 2006 წელს კი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში.

გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებამდე, მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან კავკასიისა და მათ შორის საქართველოს ტერიტორიას იკვლევდნენ ძირითადად ფრანგი გეოლოგები დიუბუა დე მონპერე, ე. ფავრი და ე. ფურნიე, ხოლო განსაკუთრებით ნაყოფიერად და ხანგრძლივად _ გერმანელი გეოლოგი ჰერმან აბიხი. მე-20 საუკუნის ოციანი წლების დასაწყისიდან ამ რეგიონს შეისწავლიდნენ რუსეთის გეოლოგიური კომიტეტის კავკასიის სექციის გეოლოგები ვ. რენგარტენი, ა. აგალინი, კ. პაფენგოლცი, ბ. მეფერტი, ნ. ვასოევიჩი და სხვები. ამავე პერიოდიდან საქართველოს და შემდგომ კავკასიის და მისი მომიჯნავე ტერიტორიების გეოლოგიური აგებულების სისტემატიურ შესწავლას ქართველი გეოლოგები შეუდგნენ.
   
გეოლოგიის ინსტიტუტის (მაშინ გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტი) პირველი მეცნიერ თანამშრომლები იყვნენ: ა. ჯანელიძე (დირექტორი) , კ. გაბუნია, გ. სმირნოვი, ნ. ყიფიანი, გ. წულუკიძე. შემდგომ წლებში ინსტიტუტი თანდათან ივსებოდა ახალგაზრდა კადრებით და ფართოვდებოდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მასშტაბები. 40-იან წლებში ინსტიტუტში უკვე არსებობდა რამდენიმე ლაბორატორია, მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი და მდიდარი სპეციალური ბიბლიოთეკა.

თავიდან სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა სტრატიგრაფიასა და პალეონტოლოგიაში. შემდგომში, სამეცნიერო-კვლევითი ამოცანების გაფართოების კვალდაკვალ, კვლევები დაიწყო სხვა დარგებშიც. კერძოდ, რეგიონულ გეოლოგიაში, ტექტონიკაში, მინერალოგიაში, პეტროგრაფიაში, ლითოლოგიაში, ვულკანოლოგიაში, ჰიდროგეოლოგიაში და სხვ. 40-იანი წლებისთვის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტში ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბდა თვითმყოფადი ქართული გეოლოგიური სკოლა. ამ სკოლის შემქმნელებად სამართლიანად ითვლებიან პალეონტოლოგი, სტრატიგრაფი და ტექტონისტი ა. ჯანელიძე, მინერალოგი და პეტროგრაფი ა. თვალჭრელიძე და სასარგებლო ნამარხების სპეციალისტი კ. გაბუნია.
 
მე-20 საუკუნის შუა წლებში ინსტიტუტში მონოგრაფიების სახით გამოქვეყნდა ფუნდამენტური გამოკვლევები სტრატიგრაფია-პალეონტოლოგიასა და რეგიონულ გეოლოგიაში (ა. ჯანელიძე, ი. კახაძე, პ. გამყრელიძე, ი. კაჭარავა, მ. ერისთავი, ა. ცაგარელი), პეტროგრაფიაში (გ. ზარიძე, ნ. თათრიშვილი, შ. ჯავახიშვილი, ს. ჩიხელიძე), ვულკანოლოგიაში (გ. ძოწენიძე, ნ. სხირტლაძე), მინერალოგიაში (გ. გვახარია). ამ შრომებმა შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების დეტალური შესწავლისათვის. ამის შემდეგ, გეოლოგიური კვლევა გააგრძელეს მათმა მოწაფეებმა და ქართულ გეოლოგიურ სკოლას საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს. გამოჩენილი რუსი მეცნიერის, აკადემიკოს ვიქტორ ხაინის აზრით: “Трудно переоценить значение вклада грузинской геологической школы, трех её поколении, в геологию не только Грузии, но и Кавказа и даже всего Альпийско-Гималайского пояса”.

ამჟამად, გეოლოგიის ინსტიტუტში კვლევები მიმდინარეობს გეოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებით ძირითადად თანამედროვე გეოლოგიური თეორიის ფილების ტექტონიკის საფუძველზე. უკვე 70-იანი წლების დასაწყისიდან, გეოლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდა თანამშრომლები ცდილობდნენ ამ თეორიის ძირითადი დებულებების დამტკიცებას ისეთი უნიკალური ბუნებრივი ლაბორატორიის მაგალითზე, როგორიცაა კავკასია და მისი მომიჯნავე ალპურ-ჰიმალაიური მობილური სარტყლის სხვა რეგიონები. პირველ რიგში, ეს იყო ამ რეგიონის ალპურამდელი და ალპური გეოდინამიკური ევოლუციის, ტექტონიკური, მათ შორის, შარიაჟული სტრუქტურების წარმოშობის მექანიზმის, დედამიწის ქერქის უახლესი და თანამედროვე ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოძრაობების მიმართულებისა და სიჩქარის და სეისმოგენერირებადი რღვევების შესწავლა. გარდა ამისა, გრძელდებოდა და ამჟამადაც მიმდინარეობს მაკრო და მიკრო ნამარხი ორგანიზმების სისტემატიკისა და სტრატიგრაფიული მნიშვნელობის შესწავლის საფუძველზე, საქართველოს ფანეროზოული ნალექების დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილება და მათი პალეოგეოგრაფიული კვლევა, რეგიონული მეტამორფიზმისა და გრანიტწარმოშობის პროცესების პეტრომინერალოგიური, გეოქიმიური და გეოქრონოლოგიური შესწავლა და ქანების წარმოშობის  გეოდინამიკური პირობების განსაზღვრა. ხორციელდება, აგრეთვე, დანალექი ქანების და ვულკანური წარმონაქმნების პეტროლოგიური და ლითოლოგიური კვლევა, საქართველოს ტერიტორიაზე მაგმური და მადანწარმოშობის პროცესების გეოქიმიური შესწავლა და ლითონური და არალითონური საბადოების გეოლოგიის კვლევა. სამრეწველო ათვისების მიზნით, სპეციალურად შეისწავლება მიწისქვეშა წყლების რესურსები, მათი ჰიდროქიმია და ეკოლოგია. ხდება წყლის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების განთავსების მეთოდოლოგიის და შავი ზღვის აუზის გოგირდწყალბადის პერსპექტივების და მისი ამოღების ეფექტური მეთოდის დამუშავება.

ამჟამად გეოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონირებს 5 სამეცნიერო განყოფილება: I. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის, II. ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის, III. პეტროლოგიის, მინერალოგიის, ვულკანოლოგიისა და ლითოლოგიის, IV. სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის, გეოქიმიისა და იზოტოპური გეოქრონოლოგიის, V. გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის.

ჩამოთვლილ განყოფილებებში მიმდინარეობს შემდეგი სამეცნიერო პროგრამების დამუშავება:

I. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი აკად. წევრ-კორესპონდენტი მ.  კაკაბაძე

პროგრამა 1:  მაკრო და მიკრო ნამარხი ორგანიზმების სისტემატიკისა და სტრატიგრაფიული მნიშვნელობის შესწავლის საფუძველზე, საქართველოს მეზოზოურ-კაინოზოური ნალექების დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილება. 

II. ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილება (ხელმძღვანელი აკად. ე. გამყრელიძე)

პროგრამა 1: სხვადასხვა ასაკის, რიგის, მორფოლოგიის და გენეზისის ტექტონიკური სტრუქტურების წარმოშობის მექანიზმის კვლევა.
პროგრამა 2: დედამიწის ქერქის უახლესი (ნეოტექტონიკური) და თანამედროვე მოძრაობების ხასიათისა და სიჩქარის დადგენა საქართველოს ტერიტორიაზე.
პროგრამა 3: საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური და გეოდინამიკური ევოლუცია.
 
III. პეტროლოგიის, მინერალოგიის, ვულკანოლოგიისა და ლითოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი აკად. წევრ-კორესპონდენტი დ. შენგელია)

პროგრამა 1: საქართველოსა და კავკასიის მაგმური და მეტამორფული ქანების პეტრომინერალოგიური კვლევა; დანალექი, ვულკანური და ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნების სედიმენტაციურ-ლითოლოგიური შესწავლა.
 
IV. სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის, გეოქიმიისა და იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი აკად. დოქტორი მ. კეკელია)

პროგრამა 1: საქართველოს მადან-მაგმური სისტემების და ვულკანურ-პლუტონური კომპლექსების ყოველმხრივი კვლევა. 
პროგრამა 2: საქართველოს მეზოზოური ინტრუზიული მაგმატიზმის განვითარების ზოგადი კანონზომიერების დადგენა.
 
V. გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის განყოფილება (ხელმძღვანელი აკად. დოქტორი ვ. გვახარია)

პროგრამა 1: მიწისქვეშა წყლების საბადოების შესწავლა და მათი გამოყენება. 
პროგრამა 2: საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების განთავსების მეთოდოლოგიის შემუშავება. 

კვლევის შედეგებს აფასებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 13 მეცნიერის შემადგენლობით (თავმჯდომარე: აკად. ე. გამყრელიძე).
შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს ინსტიტუტის დირექტორი მეცნ. დოქტორი თ. წუწუნავა

გეოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით თბილისში ჩატარებულია მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენცია, სესია და სიმპოზიუმი. თავის მხრივ, ინსტიტუტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. ინსტიტუტის მეცნიერები ჩაბმული არიან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის პროცესში და აქვთ პროფესიული კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ცენტრებთან.

1932 წლიდან ინსტიტუტი გამოსცემს საკუთარ პერიოდულ ნაბეჭდ პროდუქციას. 1965 წლიდან დღემდე გამოდის ”გეოლოგიის ინსტიტუტის შრომების” ახალი სერია. გეოლოგიის ინსტიტუტში სულ გამოცემულია ამ სერიის 124 გამოშვება და 64 მონოგრაფია. ინსტიტუტის მონაწილეობით, 2003 წელს ე. გამყრელიძის რედაქტორობით გამოიცა საქართველოს გეოლოგიური რუკის ციფრული ვერსია 1:500 000 მასშტაბში ქართულ და ინგლისურ ენებზე (ავტორი გ. გუჯაბიძე) და მისი განმარტებითი ბარათი. 2010 წელს გამოიცა ამავე მასშტაბის საქართველოს ტექტონიკური (ტექტონიკურ-გეოდინამიკური) რუკის ციფრული ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე (რედაქტორი ე. გამყრელიძე).
გეოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონირებს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა და მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი, სადაც ინახება 130 მონოგრაფიულად შესწავლილი და გამოქვეყნებული ფაუნისა და ფლორის კოლექცია.                                                                                                                                                         
ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ მოპოვებულია მრავალი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტი. ამჟამად, ინსტიტუტის თანამშრომლები ახორციელებენ 11 სამეცნიერო საგრანტო პროექტს, რომელთაგან 6 საერთაშორისოა და მონაწილეობენ ორ საერთაშორისო პროგრამაში.

გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში.

ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს მიღებული აქვთ მრავალი სახელმწიფო და სახელობითი პრემია და ჯილდო.

ინსტიტუტში მუშაობს 91 თანამშრომელი, რომელთა შორის 54 მეცნიერია. მეცნიერულ შტატს წარმოადგენს 14 მეცნიერებათა დოქტორი, 27 მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი), 4 დოქტორანტი და 7 მაგისტრი. ინსტიტუტში მოღვაწეობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 1 აკადემიკოსი და 4 აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.














მთავარ გვერდზე დაბრუნება
მთავარ გვერდზე დაბრუნება